მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მასშტაბით 27 ამბულატორია უკვე დაამონტაჟა

21 მაისი 2014

საქართველოს მასშტაბით, 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 27  ამბულატორია  საქართველოს სხვადახვა რეგიონში უკვე დაამონტაჟა. პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე 82 ამბულატორია დამონტაჟდება.  ქვეყნის მასშტაბით, 82 ახალი ამბულატორიის  მშენებლობისთვის,   საქართველოს მთავრობამ 2,4  მილიონი ლარი გამოყო.  ამბულატორიებს, მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ამონტაჟებს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. 

2014 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ზემოაღნიშნული 82 ერთეული ამბულატორიის ადაპტირების მიზნით, დამატებით  24300 ლარი გამოიყო. 

 

იმერეთის რეგიონში ხუთი ამბულატორია უკვე დამონტაჟებულია, კერძოდ,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუფოთში ,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში- გორისსა და პერევში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში. სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში 8 ამბულატორია დამონტაჟებულია. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ ინგირსა და  განმუხურში.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ  ეწერში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ  ახუთში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ იჩხურში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში.  გურიის რეგიონშიმგფ-მა სამი ამბულატორია დაამონტაჟა. კერძოდ,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ -დვაბზუში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ  აკეთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში.  აჭარის რეგიონში ჯერჯერობით ერთი ამბულატორიაა დამონტაჟებული, კერძოდ დაბა შუახევის სოფელ - ხიჭაურში.

კახეთის რეგიონში ფონდმა 8 ამბულატორია უკვე დაამონტაჟა. კერძოდ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ -შალაურში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ - კართუბანში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ - მაშნაარში,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ  მუკუზანში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობიანოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ  არბოშიკში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში.  ქვემო ქართლის რეგიონში დამონტაჟებულია ორი ამბულატორია. კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  ოფრეთში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რანჩპარში.  ამბულატორიების დამონტაჟება გრძელდება და 82 ამბულატორიის მშენებლობის პროცესი  მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

82 ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 41-42 კვ.ია.  შენობა  მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით არის აღჭურვილი.

აღსანიშნავია, რომ შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა  ადაპტირებული  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული.

მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შენობის ინფრასტრუტურის მოწყობას დაასრულებს, ამბულატორია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიებში ავეჯის შესატანად და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებისთვის საჭირო სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაში 362 894 ლარს დახარჯავს.

აღსანიშნავია, რომ თოთხმეტი ამბულატორია გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში დამონტაჟდება. პროექტის დასრულების შემდეგ ჯამში, სამეგრელო - ზემო სვანეთის  რეგიონში 9 ამბულატორია დამონტაჟდება, გურიის რეგიონში - 3,  კახეთის რეგიონში ჯამში - 8 ამბულატორია იქნება,  ქვემო ქართლში - 6, იმერეთის რეგიონში ჯამში - 12 ამბულატორია დამონტაჟდება, აჭარაში - 5, მცხეთა - მთიანეთში - 7, შიდა ქართლში - 21,  სამცხე ჯავახეთში - 6, რაჭა - ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 4.

 პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე საჭირო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ამბულატორიისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ფუნდამენტის მოწყობას, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტერიტორიამდე მიყვანას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროები პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებენ, რათა ამბულატორიების მშენებლობის პროცესი დათქმულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს.