პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის მორიგი სხდომა ამბროლაურში გაიმართა

 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ქალაქ ამბროლაურში გამართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რაჭის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ. 
 
„საინტერესო არეალები წარმოადგენეს მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც უკავშირდება, როგორც რეკრეაციული, ასევე ფუნქციური სივრცეების მოწყობას, ახალი ელემენტების გაჩენას, რაც მნიშნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისათვის. დიდი პოტენციალია ამ მხარეში და ეს პროგრამა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მისცემს შემდგომი განვითარებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც რეგიონში უკვე ხორციელდება და მათ შორისაა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზა, ასევე, ის სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც ონის სტიქიის შემდგომ აქტიურ ფაზაშია შესული. რეალურად, მიმდინარე წლის ბოლომდე, ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი, რომელიც პროგრამის განხორციელების შედეგად, სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში, რგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
 
იმერეთისა და რაჭის შემდეგ, კვირის ბოლომდე, კომისიის სხდომები გაიმართება გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში. 
 
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 
 
4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. 
 
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.