დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი ქართულ-გერმანულ ბიზნეს-ფორუმს დაესწრნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტში გამართულ ქართულ-გერმანულ ბიზნეს-ფორუმს დაესწრნენ.

ბიზნეს-ფორუმს საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია და ოცამდე ქართული კომპანია ესწრებოდნენ. ფორუმის მიზანი პოტენციური ინვესტორების საქართველოთი დაინტერესება და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

მინისტრი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.  როგორც დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ატარებს აქტიურ პოლიტიკას ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. მან ასევე ისაუბრა როგორც რეგიონული განვითარების, ისე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებზე, რომელთა განხორციელებაზეც საქართველოს გერმანული დონორი ორგანიზაციები აქტიურად ეხმარებიან.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ, ასევე, შეხვედრა გამართა ჰენესის მიწის ეკონომიკისა და ტრანსპორტის სამინისტროში, სადაც რეგიონული მოწყობის, ქალაქმშენებლობისა და დაგეგმარების საკითხებზე გერმანულ გამოცდილებას გაეცნენ. 

დღის ბოლოს დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის მერის მიერ გამართულ საგანგებო მიღებაზე. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის გერმანული გამოცდილების გაზიარება და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაში საქართველოს აქტიურად დაეხმარება.