წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში 240 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება

3 აპრილი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150 სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას  განახორციელებს.  ამ ეტაპზე, ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს 35-მდე სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე ტენდერი. მათ შორის არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს 240 ბავშვიანი საჯარო სკოლა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად იმყოფებოდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული და მათ რთულ პრობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ წყალტუბოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.