მგფ-ი ფახულანიდან საბერიომდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას განახორციელებს

6 მარტი 2014

დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით,  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებული შიდასახელმწიფოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, აღნიშნულ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

აღნიშნული გზის მონაკვეთი აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რომლითაც, ძირითადად, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ისინი ფახულანის საჯარო სკოლაში, ქართულ ენაზე სწავლის მიზნით, ამ გზაზე ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან. ამავე გზით სარგებლობს 3000-ზე მეტი ადგილობრივი და დევნილი  მოსახლეობა.

ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებულ გზის მონაკვეთს რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი  საპროექტო შესყიდვას 3 თვის ვადაში მოახდენს, რომლის ფარგლებშიც მოხდება გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ კი გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

პროექტის განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს, რადგან მთავრობის განკარგულებითვე, პროექტის დაფინანსება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების ქვეპროგრამით განსაზღვრული ასიგნებებიდან მოხდება.