თოჯინების მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება

9 ნოემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე ფონდის შენობაში (მისამართი: აღმაშენებლის #150)მზიურის პარკის ტერიტორიაზე სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით  ღია კარის დღეს გამართავს.

შეხვედრის მიზანია, საკონკურსო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ კონკურსის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი მზიურის პარკის  რეაბილიტაციისთვის დიზაინსა და მშენებლობის პროექტს ახორციელებს. მზიურის პარკის განვითარებაში ერთერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი კომპონენტის გაჩენა, რომელიც პირველი იქნება საქართველოში და გულისხმობს თოჯინების მუზეუმის მშენებლობას. პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიას, საგანმანათლებლო ცენტრს და სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეებს. მუზეუმმა უნდა შეასრულოს ისტორიული, კულტურული, შემეცნებით-საგანმანათლებლო და სარეკრეაციო ცენტრის როლი.