წყალტუბოში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსი გაიხსნა

17 სექტემბერი 2013

17 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში,იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კიდევ ერთი რეაბილიტირებული სახლი გაიხსნა.

გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (usaid) საქართველოს მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი როი პლუკნეტი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი დაესწრნენ. გახსნის ცერემონიაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

შენობის გახსნასთან ერთად, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ 17 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცა. ჯამში, რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლში 40 იძულებით გადაადგილებული პირი იცხოვრებს.

წყალტუბოში ყოფილი სტატისტიკის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა usaid-ის დაფინანსებით განახორციელა.სამუშაოების საერთო ღირებულება 558,235.19 ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში 17 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 8 ერთოთახიანი და 9 ოროთახიანი ბინაა, მათ შორის, ერთი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული.

პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 30 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 14 იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობელები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები.

წყალტუბოს დევნილთა სახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ გამოიჩნა ინიციატივა და რეაბილიტირებული სახლის ინტერიერის მოსაწყობად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითგადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილი ბავშვების ნახატები გადასცა.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. usaid-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11,982,688.23 ლარია გამოყოფილი. ათივე შენობის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში ათი კორპუსის რეაბილიტაცია ნელ-ნელა სრულდება, წყალტუბოს შემდეგ ეტაპობრივად ოქტომბრის ბოლომდე ყველა საცხოვრებელი კორპუსი გაიხსნება.