წალკაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

7 ივნისი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წალკაში განთიადი-დარაკოვი-არწივანი-კუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა და კუში-ნარდევანის გზის რეაბილიტაციას იწყებს. რეაბილიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
განთიადი-დარაკოვი-არწივანი-კუში-ნარდევანის გზა წალკის მუნიციპალიტეტში წრიული მონაკვეთია, რომელიც შემდეგ ცენტრალურ, წალკა-ნინოწმინდა-ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივ გზას უკავშირდება. 
ამ წრიული გზიდან განთიადი-დარაკოვი-არწივანი-კუშის (სოფლის შესასვლელამდე) გზა დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ კუში-ნარდევანის დაახლოებით 2 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაასრულა ტენდერი და მიმდინარეობს სატენდერო შეფასება. კუში-ნარდევანის გზის რეაბილიტაცია ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება.
უკვე რეაბილიტირებული გზა ბეტონის საფარის დაგებამდე გრუნტის იყო, რის გამოც მოსახლეობას, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, უჭირდა გადაადგილება. პროექტის დასრულების შემდეგ, პრობლემა მოგვარდა და ადგილობრივები და წალკის სტუმრები კომფორტული გზით სარგებლობენ. 
გზის პროექტის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალკაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასაც ახორციელებს. 
წალკაში ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდამჭერი ევროპის საინვესტიციო ბანკია.