ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში

8 მაისი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აბასთუმანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაცია და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია.

აბასთუმანში ისტორიული სახლების პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული  18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერ-სახით აღდგენას. რამდენიმე სახლზე გათვალისწინებულია ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოც. იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს. ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ამ პროექტის გარდა, ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე და მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის  სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა  საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა,  საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. დღევანდელი მდგომარეობით, ადგილზე 125 ადამიანია დასაქმებული.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2019-2021 წლებში, ასევე გეგმავს დაბა აბასთუმანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას და ურბანული განახლების პროექტს.

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია დაიწყო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. პირველ ეტაპზე 3,2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს  გზა მნიშვნელოვანია საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე მგზავრობის მანძილისა და დროის (დაახლოებით 90-120 წუთი) შემცირების თვალსაზრისით.

აბასთუმანში დაწყებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.