თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალი გზები გაიხსნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია განახორციელა. ახალი გზები ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოინახულეს.

რეაბილიტაციამდე, სოფელ ჟებოტაში და არჩილის მონასტერთან მისასვლელ გზაზე, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. მრევლს და მომლოცველებს კი მონასტრამდე მისვლისას, განსაკუთრებით წვიმის დროს, პრობლემა ექმნებოდათ. ამიერიდან,  სოფლების მოსახლეობა, მომლოცველები და ტურისტები უსაფრთხო გზით ისარგებლებენ.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება 3 192 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო  სანიაღვრეები, ეზოში შესასვლელები  და  ავტოსადგომები. სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წლის მაისში, წინსწრებით, დასრულდა.