ADB-ის მისიამ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

24 ნოემბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვია. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ფონდის დირექტორის მოადგილემ დავით ტაბიძემ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. 

პროექტის ფარგლებში არსებული სადგურის რეაბილიტაცია განხორციელდება, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „უნივერსიტეტამდე“. ასევე,  პროექტის განხორციელების შედეგად დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. 

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს დედაქალაქის სატრანსპორტო განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას. 

პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული გვირაბების აღდგენა საერთო სიგრძით 2,6 კმ. მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა  სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში 4 ამოსასვლელი. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანური ერთობლივი საწარმო „KOBRA ASSIGNIA “ ახორციელებს.

მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია “ევროსტუდიომ“ მოამზადა. პროექტს გავლილი აქვს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტიზა. გარდა ამისა, პროექტი დამოუკიდებელმა იტალიელმა ექსპერტმაც შეაფასა. პროექტის დეტალები შეთანხმებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან.

თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა. დღეისთვის ის 2 ხაზისგან შედგება, საერთო სიგრძით 56 კმ. სულ დედაქალაქში ამჟამად 22 სადგური ფუნქციონირებს, რასაც, მშენებლობის დასრულების შემდეგ 23-ე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი მეტროსადგური დაემატება. 

სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება.