დიდგორის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

12 აგვისტო 2016

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორში იმყოფებოდნენ. 

საქართველოს მთავრობის დავალებით,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობას იწყებს. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარია,  ხელს შეუწყობს თეთრიწყაროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  დიდგორის მემორიალურ კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე მემორიალის ცალკეული ელემენტების: ქანდაკებებისა და ზარების რეაბილიტაცია.  ნიჩბისი-დიდგორი-დიდითონეთის საავტომობილო გზის ყველაზე გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი (მისასვლელი გზების ჩათვლით).  ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი და საპირფარეშოები.

პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ,,ზედა საყუდარისა“ და ,,ქვედა საყუდარის“ მოწყობა.

პროექტის დასრულების შემდეგ  დამთვალიერებლებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დიდგორის ისტორიას, მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, შეიძინონ ქართული სუვენირები.

საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კონსულტაციას გაუწევს დიდგორის მემორიალური კომპლექსის ავტორი, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი.