თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

24 ივნისი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. დღეს ახლადაშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.

საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო, აშენდა 3 საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე, გაკეთდა: კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ გაკეთდა შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და მოეწყო გარე განათება. მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანებასამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ  5.250.777 ლარი შეადგინა.

მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე პრემიერმინისტრის ინიციატივით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო.   საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსებას, უახლოეს მომავალში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ამ მიმართულებით წესსა და პროცედურებს შეიმუშავებს.