გამწვანების აქცია მახათას მთაზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მახათას მთაზე სხვადასხვა სახეობის 2600 ძირი ნერგი დარგო.  დღეს გამწვანების აქციაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი მოადგილე დავით ტაბიძე ფონდის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთნენ.   გამწვანების აქცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მარტის ბოლომდე დასრულდება. პირველ ეტაპზე, 2300 ძირი ნერგი ფონდმა თბილისი-რუსთავის გზაზე დარგო.  აქციის ფარგლებში, ჯამში, ორივე ლოკაციაზე 5500 ნერგი დაირგო. მახათას მთაზე ფონდმა, კიპარისის , ნეკერჩხლისა და მუხის ნერგებთან ერთად, წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლის  ნერგებიც დარგო.

გამწვანების აქციის ფარგლებში, მახათას მთაზე და თბილისი-რუსთავის გზაზე, სხვა მცენარეებთან ერთად,  560 ძირი წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და პატარა თელადუმას ნერგები დაირგო.  აქციის ფარგლებში, ასევე, ირგვება კაკლის, ელდარის ფიჭვის, ქართული მუხის, იფნის, კვიპაროსისა და ალვის ხის ნერგები.

შპს „საერთაშორისო კორპორაცია სინოჰიდრო“ ნერგების დარგვის საკომპენსაციო სამუშაოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ფონდის დავალებით ასრულებს. ამასთანავე, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ერთი წლის განმავლობაში მოუაროს და გაახაროს დარგული მცენარეები. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და პატარა თელადუმას ნერგებს კი კომპანია 5 წლის განმავლობაში გაუწევს მოვლა- პატრონობას.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტით, სამივე მონაკვეთზე გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის  გამწვანება   და სარეკრეაციო ზონების მოწყობა. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 96 685 218.40 ლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.