თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18 ნოემბერი 2015

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება 2 379 976,49 ლარია . ამჟამად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი 4-5-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, თეთრიწყაროს მოსახლეობა 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.  წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო  სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.

წყალმომარაგების რეაბილიტაციის შედეგად წყლის მიწოდება 1800 ოჯახს გაუუმჯობესდება. ამავდროულად, პროექტის ფარგლებში, მოხდება 730 აბონენტის გამრიცხველიანება.  მიმდინარეობს 1500 და 600 ტონიანი ორი რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია /რეკონსტრუქცია უტარდება საქლორატოროს.  პროექტის ფარგლებში, მოხდება 23,5 კმ მილსადენის გამოცვლა, 1,5 კმ -ზე კი ჩაიდება სრულიად ახალი მილსადენი. მშენებლობაზე 30-დან 40 ადამიანამდეა დასაქმებული. 

პროექტის დასრულების შემდგომ, თეთრიწყაროს მოსახლეობას, რომელსაც წყალი აქამდე დღე-ღამეში 4-5 საათით მიეწოდება, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტი 2016 წლის  პირველ  კვარტალში დასრულდება.