თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10 ნოემბერი 2015

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება  2 379 873,00  ლარია.  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა ქუჩებს რეაბილიტაცია 1980 წლის შემდეგ არ ჩატარებია. შესაბამისად, ქუჩები მწყობრიდან იყო გამოსული და მასზე გადაადგილება მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ქუჩების რეაბილიტაციის შედეგად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1400 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამჟამად დასრულებულია თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს, ერთდროულად, ტაბიძის, თუმანიანის, გიორგი ბრწყინვალის, კოსტავას, ხერგიანის და თრიალეთის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელთა საერთო სიგრძე 3,5 კმ-ია. გარდა ქუჩების რეაბილიტაციისა, პარალელურად, პროექტის ფარგლებში, დაბა მანგლისში 3 წყალგამტარი მილხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. სამშენებლო სამუშაოებზე 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის  მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.