საღოლაშენი-დვანისა და გორიჯვრის რეაბილიტირებული გზები გაიხსნა

2 ივლისი 2013

დღეს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, საღოლაშენი-დვანისა და გორიჯვრის რეაბილიტირებული გზები გაიხსნა.


გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (usaid) საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკენი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცონიაშვილი დაესწრნენ.


გზის გახსნაში, ასევე, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საქართველოს არქეოლოგიის ასოციაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.


ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, usaid-ის დაფინანსებით, სოფელ გორიჯვარის მისასვლელი გზისა და საღოლაშენი-დვანის შიდა მუნიციპალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 987 026, 87 ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღოლაშენი-დვანის მონაკვეთზე 12,3კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მოხდა. გორიჯვარზე კი - 1,5 კმ-ის.


საღოლაშენი-დვანის სავტომობილო გზის რეაბილიტაციის შედეგად, 5 სოფლის - საღოლაშენის, ბრეთის, ტახტის ძირის, დვანისა და დვირის მოსახლეობას მოუგვარდა გადაადგილების პრობლემა და სახელმწიფო მნიშვნელობის მაგისტრალს დაუკავშირდა. ხოლო გორიჯვრის გზის რეაბილიტაციით, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდებიან გორიჯვრის ეკლესიას.


აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობის გარდა, 2,500 იძულებით გადაადგილებული პირი ისარგებლებს.


რაც შეეხება გორიჯვრის გზის რეაბილიტაციას, ეს გზა, ძირითად, მაგისტრალს უერთდება და გორიჯვრის მონასტერთან მდებარე მოედანთან გადის. გზის რეაბილიტაციამდე მონასტერთან მისასვლელი გზა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. აღნიშნული გზა 50 წლის წინ აშენდა. მგფ-მა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (usaid) ზედამხედველობით, საქართველოსა და აშშ სტანდარტების შესაბამისად, დაიქირავა საპროექტო/სამშენებლო სამსახური და სამუშაოები ცხრა თვეში დაასრულა.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად 13 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი მიიღებს სარგებელს და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. გორიჯვრისა და საღოლაშენი-დვანის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ქართულმა კომპანია შპს ,,ბლექ სი გრუპ“-მა განახორციელა. პროექტის ფარგლებში ადგილზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 40 ადგილობრივი. საღოლაშენის, დვანისა და გორიჯვრის გზების გარდა, usaid-ის დაფინანსებით კონფლიქტის ზონაში ჯამში 5 საგზაო პროექტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ საღოლაშენი-დვანის გზების რეაბილიტაციის შედეგად, 2500 წლის წინანდელი 19 არქეოლოგიური ნივთი იქნა აღმოჩენილი, კერძოდ, ნაპოვნი იქნა მტკვარ-არაქსის კულტურის დროინდელი ბრინჯაოს ხანის სამარხი ან საძვალე (700-400 ჩვ.წ.აღ.მდე). აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის იყო თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და ლითონის იარაღები, შუშის სამკაულები, ოქროსა და ბრინჯაოს ფრაგმენტები. აღმოჩენილი ნივთები შესწავლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმს გადაეგზავნა.