მუნიციპალური განვითარების ფონდმა ციხისძირში ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა

18 სექტემბერი 2015

სოფელ ციხისძირის 180 აღსაზრდელი ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში შეძლებს სიარულს.  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია  დაასრულა.   პროექტი  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება  548 300,06 ლარია.  რეაბილიტირებული ბაღი დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანთან ერთად დაათვალიერა. მნიშვნელოვანია, რომ ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სრულად ადაპტირებულია.

რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ახალი იატაკი, გაკეთდა საპირფარეშო, სამზარეულო და სასადილო ოთახი, მოხდა კედლების შეღებვა და გალესვა, დამონტაჟდა გათბობის სისტემა და ვენტილაცია. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა,  ბავშვებისთვის მოხდა ეზოს კეთილმოწყობაც.  ციხისძირის რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში  150-დან 180-მდე  აღსაზრდელი შეძლებს სიარულს.  სამშენებლო სამუშაოებზე 40-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

ადგილობრივი  ხელისუფლება მიმდინარე თვის ბოლომდე რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღს საჭირო ინვენტარით აღჭურვავს და ოქტომბრიდან საბავშვო ბაღი  ფუნქციონირებას დაიწყებს.