მუნიციპალიტეტებს სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი ტექნიკა გადაეცა

25 აგვისტო 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს 13 ერთეული სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი სპეცტექნიკა გადასცა. ტექნიკა, რომელიც ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა 2 100 380.55 ლარის ღირებულებისაა. სპეცტექნიკა ხელს შეუწყობს შავი ზღვის, კერძოდ, ურეკის, ანაკლიისა და  ფოთის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო ზოლის, დასუფთავებას და ადგილზე  სამუშაოების ეფექტურად განხორციელებას. სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი ტექნიკა უკვე რამდენიმე კვირაა შავი ზღვის სანაპირო ზოლს ყოველ დილით ასუფთავებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და  საქართველოს რეგიონული განვითარებისა  ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად დღეს დაბა ურეკში  სამშენებლო ტექნიკის მუშაობა შეამოწმეს. ისინი სპეცტექნიკაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ, რომლებიც ფონდის მიერ გერმანიიდან ჩამოყვანილმა სპეციალისტმა  გადაამზადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს  9 ერთეული ტექნიკა გადასცა, რომლის საერთო ღირებულება 1,342,903.91 ლარია.  ფოთის მუნიციპალიტეტს 2 ერთეული ტექნიკა გადაეცა, (ზღვის ნაპირის გამწმენდი აღჭურვილობა -ტრაქტორზე მისაბმელი  და ტრაქტორი)  ხოლო ზუგდიდის  მუნიციპალიტეტს ასევე ორი ერთეული, ჯამში, 757,476,64 ლარის ღირებულების.  

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ტექნიკის შეძენასთან ერთად, მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ შერჩეული თანამშრომლების მოსამზადებლად, რომლებმაც სპეცტექნიკაზე უნდა იმუშაონ  და სანაპირო ზოლი დაასუფთაონ გერმანიიდან მათ მოსამზადებლად ტრენერი ჩამოიყვანა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს  ახალ ტექნიკაზე მუშაობა ასწავლა.