მგფ-ი KFW-ს დაფინანსებით 50 დევნილ ოჯახს სახლს გადასცემს

24 აგვისტო 2015

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრმა სოზარ სუბარმა  და  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (სსიპ)  აღმასრულებელმა  დირექტორმა  ჯუანშერ ბურჭულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის  ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის  400 000 ევროს ღირებულების  სახლებს შეიძენს. აღნიშნულ სახლებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW)  დაფინანსებით, უკვე დაასრულა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში გათვალისწინებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები წყალტუბოში (400 ბინა), ქუთაისში (65 ბინა), ფოთსა (104 ბინა) და ზუგდიდში (320 ბინა).  სოფლად სახლების შეძენა, სწორედ, ჩამოთვლილი პროექტების განხორციელების შედეგად დაზოგილი ეკონომიით გახდა შესაძლებელი.

 

საერთო ჯამში, გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 889 დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხერხდა.