მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ სიონში ახალ ბაგა-ბაღს აშენებს

1 ივნისი 2015

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ახორციელებს.  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ სიონის აღსაზრდელები ახალ, ინფრასტრუქტურულად გამართულ ბაღში შეძლებენ სიარულს.  პროექტი  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 145999,98  ლარია. პროექტის განხორციელების შემდეგ ბაღში 30 აღსაზრდელი შეძლებს სიარულს.  ამჟამად სოფელში ბაგა- ბაღი საერთოდ არ არსებობს, რაც მოსახლეობისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მშენებლობის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა სრულად მოგვარდება.

სამშენებლო სამუშაოებზე 20- მდე  ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება და ახალი სეზონისთვის, კერძოდ, სექტემბრიდან ბავშვების მისაღებად მზად იქნება.  ამჟამად სიონის მოსახლეობას  აღსაზრდელები ბაღის არ არსებობის გამო ე.წ. ოჯახური ტიპის კერძო ბაღში დაჰყავს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან იქ პატარების აღსაზრდელად საჭირო ინფრასტრუქტურული პირობები არ არსებობს.  გარდა სოფელ სიონის მოსახლეობისა, აღნიშნულ ბაღში კიდევ ორი მეზობელი სოფლის აღსაზრდელები ივლიან.

პროექტის  ფარგლებში ხორციელდება ახალი შენობის მშენებლობა, გაკეთდება კარ-ფანჯრები, მოეწყობა ახალი იატაკი, გაკეთდება საპირფარეშო, სამზარეულო და სასადილო ოთახი, დამონტაჟდება გათბობის სისტემა, ასევე მოეწყობა ელექტროგაყვანილობის, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები. გამართული ინფრასტრუქტურა და სუფთა გარემო ყველა ბავშვის აღზრდისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დავალებით აღნიშნულ პროექტს ახორციელებს.