მგფ-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერთან მისასვლელი 1,5 კმ -იანი ქვაფენილის გზა დააგო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერთან მისასვლელი 1,5 კმ-იანი ქვაფენილის გზა დააგო. ბოლნისში, ელიას მთაზე,  მონასტრის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყო, მაგრამ მონასტრამდე მისასვლელი გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ღირებულება 312456,36 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.  ახლად დაგებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან ერთად გახსნა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისში, კერძოდ კი, ელიას მთაზე პეტრე-პავლეს სახელობის მონასტრის მშენებლობა მეუფე ეფრემის ინიციატივით 7 წლის წინ დაიწყო და იქამდე მისასვლელი გზა  პრაქტიკულად არ არსებობდა, ვინაიდან, კლდეში იყო გაჭრილი ვიწრო გრუნტის გზა, სადაც გადაადგილება  როგორც მონასტრის მსახურებს, ასევე მრევლს ძალიან უჭირდათ. არსებული გრუნტის გზა ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს და საფრთხეს უქმნიდა როგორც მომლოცველებს, ასევე მღვდელ-მონაზვნებს. ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად აღნიშნული პრობლემა სრულად არის აღმოფხვრილი და მსურველებს ახალი და უსაფრთხო გზით შეუძლიათ მივიდნენ პეტრე-პავლეს სახელობის მონასტრამდე.

რეაბილიტირებული გზის სიგრძე 1,5 კმ-ია, სიგანე კი- 3,5 მეტრი. გზის მთელ სიგრძეზე  ორივე მხრიდან მოეწყო  გვერდულები. 1,5 კმ-იანი გზის დასაწყისის 25 მეტრზე ვიდრე ქვაფენილიანი გზა დაიწყება, გაკეთდა ბეტონის საფარი,  მშენებლობაზე 30 ადამიანი  დასაქმდა და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იყო.