სტუდენტებისთვის 320 ადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო

16 მარტი 2015
ლისის ტბის ფერდობზე დღეს 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ჩაეყარა   საფუძველი.  მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5.250.777 ლარს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია 3 საცხოვრებელი კორპუსისა და ადმინისტრაციული შენობის აშენება. ასევე გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი და ბიბლიოთეკა.  საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იქნება განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.   სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრებასა და განათლების მიღებას ერთდროულად 320 სტუდენტი შეძლებს. მშენებლობის დასრულება 2016 წელს იგეგმება. პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.