იძულებით გადაადგილებული 109 ოჯახისთვის ქუთაისში ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა
იძულებით გადაადგილებულ 109 ოჯახს უახლოეს პერიოდში ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 109 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განახორციელა. ჩატარებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ქუთაისის მერთან- შოთა მურღულიასთან ერთად დაათვალიერა.
ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა. 109 ბინიდან უმრავლესობა ოროთახიანი, 46 ბინა-ერთოთახიანი, 12 ბინა კი-სამოთახიანია.აღსანიშნავია, რომ 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია. საცხოვრებელი კორპუსი და გარე ინფრასტრუქტურაც ასევე სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ყველა საცხოვრებელ ბინას ინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული სანათები, სანაგვე ურნები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა.თებერვალში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად 109 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემს. მშენებლობაზე 150-160ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის საერთო ღირებულებამ კი 5.560.000 ლარი შეადგინა.