აბაშაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “მუნიციპალური განვითარების ფონდი”, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად ქალაქ აბაშაში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორთან, ვლადიმერ ლაზარიშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი აბაშაში წყალმომარაგების 100 კილომეტრიანი ქსელის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა წყალსადენის კვანძები, სახანძრო ჰიდრანტები, არსებული ამორტიზებული მილები კი პოლიეთილენის მილებით შეიცვლება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქი სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიანი რეჟიმით მიიღებს. პროექტის ღირებულება 5.700.000 ლარს შეადგენს. ადგილზე დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.
ქალაქ აბაშის წყალმომარაგების ქსელი და სათავე ნაგებობა გასული საუკუნის 60-80 იან წლებშია აშენებული. ქსელის, გამანაწილებელი ჭებისა და წყლის მილების ხანდაზმულობის გამო ქალაქში ხშირია დაზიანებები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით კიდევ 28 ქალაქში გეგმავს.