ილია დარჩიაშვილმა ლტოლვილთა სამინისტროს 2 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, საზოგადოებას სამინისტროს ორი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორ წლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, რომელმაც პრეზენტაციაზე ფონდის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
დარჩიაშვილის თქმით 2 წლის განმავლობაში ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა და 100-ობით დევნილ ოჯახს აუშენა საცხოვრებელი სახლი.
„ჩვენს მიერ აშენებული კორპუსები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან საქმეებში ჩვენ მთავრობას ჩვენი მეგობარი ქვეყნები ეხმარებიან. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქტიური მხარდაჭერით ფონდმა ორი წლის განმავლობაში 13 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია განახორციელა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, შარშან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ქუთაისის, წყალტუბო, ვანი, მარნეული, ქარელი, თრჯოლა, ზესტაფონი) გავმართეთ და მოვაწყვეთ 10 კორპუსი, რის შედეგადაც, ბინებით 335 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. წელს კი ბორჯომის გარდა, კასპსა და ქუთაისში განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია და 241 ოჯახს ექნება ახალი სახლი. რამდენიმე დღეში კასპის მუნიციპალიტეტში გავხსნით ახალ რეაბილიტირებულ კორპუსს და კიდევ 113 ოჯახი მიიღებს ბინას, წლის ბოლომდე კი ქუთაისში დასრულდება 110-ბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის“,- განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციაზე ილია დაჩიაშვილმა.
მისივე თქმით, 2013-2014 წლებში, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთში უკვე 7 ახალი კორპუსის მშენებლობა დაასრულა, ზუგდიდში კი 10 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.
„ყველა ოჯახს, ვუსურვებ მშვიდობიან ცხოვრებას და საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას, ჩვენ კი სამინისტროსთან ერთად მომავალშიც გავარგძელებთ აქტიურ მოშაობას, რომ მაქსიმალურად შევძლოთ და ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს. წარმატებებს ვუსურვებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მის მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს, ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. მუნიციპალური განვითარების ფონდი კი თავის მხრივ ამ მნიშვნელოვან პროცესში სამინისტროს პარტნიორ და გულშემატკივარ უწყებად რჩება“-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.