თბილისი- რუსთავის ავტომაგისტრალზე ცემენტო- ბეტონის საფარის დაგება დაიწყო
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ცემენტო- ბეტონის საფარის დაგება დაიწყო. აქტიური მუშაობის შედეგად საფარის დაგება დაგეგმილ ვადაზე ადრე დაიწყო. დღეს ბეტონის საფარის დაგების პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი , დავით შავლიაშვილი ,თავის პირველ მოადგილესთან და, ამავდროულად, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ამაშუკელთან, ერთად დაესწრო. ხელმძღვანელი პირები პროექტზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ახორციელებს.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის 22 აპრილს დაიწყო. კონტრაქტის ვადა 17 თვეა. პირველ ეტაპზე პირველი და მესამე მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 88 761 128,95 ლარია. სამუშაოებზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
ავტომაგისტრალის სიგრძე 17,4 კილომეტრია. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და ,შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი: პირველი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ - სიგრძით 4 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე - 3,5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები, სიგანით 2,5-3,0 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო -ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი;
მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - საორიენტაციო სიგრძით 6,8 კილომეტრი. ამ მონაკვეთზე იგეგმება მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3 ,75 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება სატრანსპორტო კვანძები, ორი მიწისქვეშა, ოთხი სატრანსპორტო ხიდი და ოთხი საფეხმავლო ხიდი;
მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასავლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. ტროტუარები გათვალისწინებული არ არის. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი.
რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მისი დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და აზიის განვითარების ბანკშია გადაგზავნილი. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ტენდერი 2015 წელს გამოცხადდება.