რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

1 დეკემბერი 2014

 


რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე უწყვეტ რეჟიმში და წინსწრებით მიმდინარეობს. დღეს, იძულებით გადაადგილებულმა 10-მდე პირმა, რომელიც ფონიჭალის ტერიტორიაზე ცხოვრობს თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტში, სოფლამდე მისასვლელი მეორადი გზების არარსებობა გააპროტესტა. აღსანიშნავია, რომ მაგისტრალის მშენებლობის პროექტი 2012 წელს მომზადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ამჟამინდელმა მენეჯმენტმა მოსახლეობის თხოვნა მეორად გზებთან დაკავშირებით გაითვალისწინა და პრობლემის მოსაგვარებლად დონორ ორგანიზაციას მიმართა. პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია და აქციის მონაწილეებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა შეხვედრისას მიაწოდეს. 10-მდე ადგილობრივი მოსახლის თქმით, მიმდინარე მშენებლობის გამო არხი წყლით ივსება და წვიმის დროს სახლები იტბორება. სპეციალისტთა განცხადებით კი, საცხოვრებელი სახლების დატბორვა ძლიერი წვიმის გამო მოხდა და მას გზის მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. საპროტესტო აქცია უსიამოვნო ფაქტით დაიწყო. გზის მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის მიერ დასაქმებულ პერსონალსა და ადგილობრივ 10 მოსახლეს შორის, დაპირისპირება მოხდა, თუმცა ინცინდენტი მალევე აღმოიფხვრა. მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობისთვის რეალური ვითარებისა და გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დასრულდა. ამ წუთებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ტექნიკა მობილიზებულია და მეორადი გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაწყებულია.