აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ბანკის მიერ დაფინანსებულ და მომავალში დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.
ADB-ის ურბანული პროექტების ექსპერტი ბერტრან გალუა დაინტერესდა პრიორიტეტებით, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბანკთან შემდგომი თანამშრომლობისთვის გამოჰყოფდა. მხარეებმა გაცვალეს შეხედულებები ბათუმის ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელმაც ქალაქის წინაშე წლების განმავლობაში მდგარი პრობლემები უნდა მოაგვაროს. მინისტრმა ხაზი გაუსვა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობასაც და კიდევ ერთხელ სთხოვა სტუმრებს, დააჩქარონ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ,- „ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზაა საქართველოში, შესაბამისად, იქ მაღალი სტანდარტების მაგისტრალის აშენება სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. ჩვენთვის,ასევე, პრიორიტეტულია ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშოების დროულად დაწყება, ვინაიდან წყალი აქტიურად რეცხავს ნაპირს. ჩვენი ჯგუფები მუშაობენ აზიის განვითარების ბანკისთვის ახალი პროექტების შეთავაზების მიმართულებითაც. ძირითადი აქცენტები, ამ შემთხვევაში, რეგიონებში ქალაქების ინფრასტრუქტურულ მოწყობაზე გაკეთდება.“
აზიის განვითარების ბანკის სამომავლო პრიორიტეტიც ქალაქების ურბანული განვითარებაა.