თბილისი რუსთავის გზაზე შექმნილი საცობი სამშენებლო სამუშაოებს არ უკავშირდება
თბილისი-რუსთავის 17,4 კმ-იანი ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობას დისკომფორტს არ უქმნის და ის გზის სავალ ნაწილზე არ ხორციელდება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციამ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაავრცელა. ფონდში განმარტავენ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ისე არის დაგეგმილი, რომ ამ ეტაპზე ალტერნატიული გზა იჭრება და არსებულ გზასთან აღნიშნულ სამუშაოებს კავშირი არ აქვს.
„სწორედ იმისთვის რომ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შექმნოდა სამუშაოები ორ ნაწილად გაიყო, ამჟამადაც მიმდინარეობს არსებული გზის მეორე მხარეს, ანუ, ახალი გზის
მშენებლობა და მხოლოდ საავტომობილო ნაკადების ახალ გზაზე გადართვის მერე მოხდება არსებული გზის რეაბილიტაცია. უფრო მეტიც, შექმნილი საცობის თავიდან ასაცილებლად მშენებელმა კომპანიამ ჩვენი მოთხოვნით გზის ახლად გაჭრილი სავალი ნაწილიც გაუხსნა საპატრულო პოლიციას, რომ საცობი მალე განიტვირთოს და მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას“- აცხადებენ ფონდში.
ამასთან ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გზის რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მშენებელი კომპანიის მიერ თანხმდება საპატრულო პოლიციასთან.
„ამჟამად ადგილზე იმყოფებიან ფონდის წარმომადგენლები და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ საცობი სამშენებლო სამუშაოების მიზეზით არ არის შექმნილი“.