თიანეთის 6 სოფლის 800 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს
თიანეთის მუნიციპალიტეტში, ზარიძეების თემში შემავალი 6 სოფლის, 800 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა და 2500-მდე ადგილობრივი მოსახლე უწყვეტ რეჟიმში სასმელად მაღალი ხარისხის გაფილტრულ წყალს იღებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგებს დღეს, ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიძე თორაძეთან ერთად პირადად გაეცნო და ზარიძეების თემის მოსახლეობას შეხვდა .
სამუშაოების დასრულებამდე ადგილობრივი მოსახლეობა წყალს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა დაურეგულირებელი გრაფიკით, დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათით იღებდა. პროექტის ფარგლებში მდინარე ვერხველზე ახალი წყალმიმღები ნაგებობა მოეწყო, სადაც რეზერვუარებისა და წყალსადენის ქსელების მონტაჟი განხორციელდა. სამუშაოები ზარიძეების, ვერხველის, ჯიჯეთის, იარაჯულების, ხოფცასა და საკრეჭიოცის სოფლებში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 40 კმ-მდე მაგისტრალური წყალსადენის ქსელსაც. ობიექტზე 120 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია. ზარიძეების თემის 6 სოფლის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარით დაფინანსდა.