ბორჯომში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის პირველმა მაოდგილემ გიორგი ამაშუკელმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 18 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს (54 დევნილი) საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
ბორჯომში ყოფილი სამშობიარო სახლის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 887.776.17 ლარია. პროექტის ფარგლებში 18 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 8 ერთოთახიანი, 6 ოროთახიანი, 4 სამოთახიანი, მათ შორის 1 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული. ბენეფიციარებიდან ნაწილი აფხაზეთიდან, ხოლო ნაწილი სამაჩაბლოდანაა დევნილი. პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 40% ადგილობრივი მოსახლე იყო.
აღსანიშნავია, რომ ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობლები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და დეკორატიული სანათები. შენობა უზრუნველყოფილია წყლის სისტემით, რომელიც აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
USAID-თან და მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ქვეყნის მასშტაბით 9 პროექტი უკვე განხორციელდა, ხოლო 3 ობიექტზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ღონისძიებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონალური წარმომადგენელი პოლ მაკინტოში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.