ADB-ის მისიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და მისი პირველი მოადგილე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ყურადღება, ასევე, დაეთმო მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, თბილისში ახალი მეტროსადგურის მშენებლობას, ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს.
დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.