თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ამაშუკელმა დაათვალიერა. მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ფონდის დირექტორს დეტალური ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედ“-ის და საზედამხედველო კომპანია „დოჰვას“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა ა. წ. -ის 22 აპრილს დაიწყო. კონტრაქტის ვადა 17 თვეა. პირველ ეტაპზე პირველი და მესამე მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 88 761 128,95 ლარია. სამუშაოებზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეები.
ამჟამად მიმდინარეობს მიწის, რკინა-ბეტონის ხიდებისა და სხვა საჭირო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
საპროექტო ავტომაგისტრალის სიგრძე საორიენტაციოდ 17,4 კილომეტრია. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი:
პირველი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ - სიგრძით 4 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე - 3,5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები, სიგანით 2,5-3,0 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი;
მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია - საორიენტაციო სიგრძით 6,8 კილომეტრია. ამ მონაკვეთზე იგეგმება მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3 ,75 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება სატრანსპორტო კვანძები, ორი მიწისქვეშა, ოთხი სატრანსპორტო ხიდი და ოთხი საფეხმავლო ხიდი;
მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასავლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. ტროტუარები გათვალისწინებული არ არის. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი.