ველისციხის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადდება

22 თებერვალი 2026
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე სოფელ ველისციხეში ჩავიდა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი მაჭავარიანთან ერთად, მან განიხილა პროექტის დროულად და ხარისხიანად გაგრძელებისთვის აუცილებელი პროცედურები და მომდევნო ნაბიჯები.
რამდენიმე დღის წინ ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან — შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან. გადაწყვეტილების მიზეზი, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.
პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დონორი ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება.
ამავდროულად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“ (EPTISA) დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. აღნიშნული პროცედურა აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შესადგენად, რაც ახალი ტენდერის მოსამზადებლად გადამწყვეტ ეტაპს წარმოადგენს.
ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესის თითოეული ეტაპი — ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ტენდერის მომზადება — აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მჭიდრო კოორდინაციითა და მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს.


