ქუთაისში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

18 დეკემბერი 2025

 ქუთაისში მიმდინარე  პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა  პრემიერ-მინისტრთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან,  ბექა ურუშაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი-ქუთაისის განახლებული პარკის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანებულ ზონებს, ტერიტორიის კეთილმოწყობასა და მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას. პარკში მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

 

გარდა ამისა, ფონდი ქუთაისში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს გეგმავს, მათ შორის სპორტის სასახლის მშენებლობას, ისტორიული შენობების რეაბილიტაციას,  რაც მნიშვნელოვანია ქალაქის იდენტობის, ტურისტული პოტენციალის, კულტურული და ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაძლიერებლად.

 

მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის შენობის მიმდებარედ ახალი, დაახლოებით 70 ჰექტარზე განთავსებული მრავალფუნქციური პარკის დეტალურ პროექტზე. ტერიტორიაზე მოეწყობა  საბავშვო სათამაშო ზონები, სპორტული მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები.

 

ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო ნიუპორტისა და მიმდებარე ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები. დაგეგმილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რესტავრაციაც.

 

ქუთაისში ასევე იგეგმება ტექნიკური საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რიონის სანაპიროზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია და ყოფილი პარლამენტის მიმდებარედ საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება.