ტირძნისში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

6 აგვისტო 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ადგილზე ეცნობა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში თავდაპირველად დაგეგმილი იყო 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. თუმცა, არსებული შენობის მდგომარეობის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ძველი ბაღის დემონტაჟისა და მის ადგილას სრულიად ახალი შენობის აშენების შესახებ.
ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. დაგეგმილია უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა — მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, გათბობის, წყალმომარაგებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, კეთილმოწყობილი ეზოები, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.