სოფელ იგოეთში 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

30 ივლისი 2025
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის ახალი სკოლის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე, მოზარდების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნას.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სკოლაში მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებას შეძლებენ.
შენობაში, ასევე, გათვალისწინებულია უსაფრთხოების, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა.
სოფელ იგოეთის ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 4.6 მლნ ლარია.