ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს
ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს. ამჟამად ფონდის დაკვეთით საპროექტო კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე მუშაობს. ვინაიდან საუბარია ძეგლის რეაბილიტაციაზე, პროექტირება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა მოხდეს სწორი პროექტის შემუშავება. საპროექტო კომპანიამ უკვე წარმოადგინა ვიზუალური მასალა - “რენდერები”, თუ როგორი იქნება ილია ჭავჭავაძის ძეგლი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნულ განცხადებასთან ერთად ვავრცელებთ.
საპროექტო კომპანიას პროექტირებისთვის 75 დღიანი ვადა აქვს. კომპანია ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე 2 თვეზე მეტია მუშაობს. ხელშეკრულების მიხედვით 27 ივლისს საპროექტო კომპანია ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე მუშაობას დაასრულებს. საბოლოო პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეათანხმებს, აგვისტოს პირველ ნახევარში კი უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრლის # 649 განკარგულებით, პროექტირების დასრულების შემდეგ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კვარცხლბეკს, მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. საქართველოს მთავრობისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელება პრიორიტეტული საკითხია. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.