ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, დამატებითი სამუშაოების გამო, ივნისის მეორე ნახევარში დასრულდება

2 მაისი 2025
ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამ დროისათვის შესრულებულია პროექტით დაგეგმილი სამუშაოების 90%.
 
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნით, პროექტს დაემატა ახალი კომპონენტები: პარკის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს საფეხმავლო ბილიკების განახლება და ნიკო ნიკოლაძის ბიუსტისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა. აღნიშნული ცვლილებების გამო, სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა და პარკი განახლებული სახით ივნისის მეორე ნახევარში გაიხსნება.
 
ამ დროისათვის, ქუთაისის ცენტრალურ პარკში უკვე დასრულებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლება, სადრენაჟე და ავტომატური სარწყავი სისტემის მოწყობა, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟი, შადრევნების განახლება და ახალი შადრევნების მოწყობა, ბილიკებისა და ბორდიურების მოპირკეთება, ისტორიული კოლონადების და ინფრასტრუქტურის რესტავრაცია, მედიათეკის მოწყობა და დამატებითი გამწვანება დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად. ასევე, პარკის ქვედა ნაწილში უკვე შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონა - „ვარდების ხეივანი“.