ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა ქუთაისის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ცენტრალური ქუჩებისა და პარკის რეაბილიტაციის პროექტები, რომლის ჯამური ინვესტიცია 150 მილიონ ლარს აღემატება.
„ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ვარლამიშვილის, წმინდა ნინოს, მარი ბროსესა და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩებზე აქტიურად მიმდინარეობს სარებილიტაციო სამუშაოები. ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე უკვე დასრულებულია წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის, საინჟინრო კომუნიკაციების მიწის ქვეშ განთავსების სამუშაოები, სრულად რეაბილიტირებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზის საფარი, დამონტაჟებულია გარე განათების თანამედროვე სისტემა.
დასკვნით ეტპზეა ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობის, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟის, არსებული შადრევნების განახლების და საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების სამუშაოები. პარკში, არსებული გეგმარების უცვლელად, დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით, განახლდა მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა. პარკში მოეწყო მედიათეკა და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, დამატებით დაირგო ახალი ხე-მცენარეები. პარკის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო „გვირილობის მოედანი“, ხოლო ქვედა ნაწილში შეიქმნა ახალი რეკრეაციული სივრცე — „ვარდების ხეივანი“.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინრე სამუშაოები მუნიციპალური განვითარები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მისი თქმით, პროექტის განვითარებაში, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე ბევრი სპეციალისტი და სხვადასხვა ინსტიტუტი იყო ჩართული.
„დღეის მდგომარეობით სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. იყო გამოწვევები კლიმატური პირობებისა და სტიქიური მოვლენების სახით, რამაც მცირე შეფერხება გამოიწვია პარკის მშენებლობისას, თუმცა ცენტრალური პარკის ეტაპობრივი გახსნა უკვე დაწყებულია. გაშენდა ახალი ბულვარი, ვარდების ხეივანი, რომელიც ლამაზი რეკრეაციული ზონაა. მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები, რათა ბილიკები და ტროტუარები პარკის გარე ტერიტორიაზე იყოს ვიზუალურად და არქიტექტურულად პარკთან თანხვედრაში. ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის იდეის გათვალისწინებით, პარკში დაიდგმება ნიკო ნიკოლაძის მონუმენტი, რაც დამატებით კიდევ ერთი ატრაქცია იქნება ამ ისტორიული ადგილისთვის,“-აღნიშნა დავით ტაბიძემ
ცენრტრალური პარკის დასრულების შემდეგ ქუთაისს კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, სრულად განახლებული დასასვენებელი სივრცე ექნება. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.