კასპის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 ბავშვზე, სოფელ თვალადში 100 ბავშვზე სოფელ  ფერმა-ჩანგილარის 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა და  სოფელ თეზის 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა.

მშენებლობის პროექტები ,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისსახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.5  მილიონი ლარით დაფინანსდა.

ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურას კასპის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდი შიდა ქართლის რეგიონში, ჯამში, 28 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, საიდანაც უკვე დასრულებულია 10 ბაღის მშენებლობა და 1 ბაღის რეაბილიტაცია. პროექტები ,,ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამისფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 60.5 მილიონი ლარით ფინანსდება. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.