ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.
სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სპორტული კომპლექსი ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ახალ სპორტულ კომპლექსში მოეწყო მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი ხელბურთის, ფრენბურთის და კალათბურთისთვის. ასევე, დარბაზები კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, კარატეს და ფიზიკური მომზადებისათვის. სპორტული კომპლექსი უზრუნველყოფილია საშხაპეებით, გამოსაცვლელი ოთახებით სპორტსმენებისათვის, დამოუკიდებელი ოთახებით მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის და ყველა იმ დამხმარე ოთახითა თუ სათავსოთი, რომელიც აუცილებელია კომპლექსის ფუნქციონირებისათის.
ახალ სპორტულ კომპლექსში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემები.
კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა ლამპიონები.
სპორტული კომპლექსის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.