სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტკომპლექსი გაიხსნა

4 ოქტომბერი 2024

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.

არხილოსკალოს სპორტული კომპლექსი, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის სახელობისაა, დღეს გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს და ფიზიკური მომზადების და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს,

კომპლექსი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები.

სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980  ლარით დაფინანსდა.

თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა.

ახალი კომპლექსი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას.