ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა დაასრულა.
ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ მედიათეკას, ამფითეატრის ტიპის სამკითხველო, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზებს, სივრცეებს კაფესა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.
ახალგაზრდული ცენტრის, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის კონცეფცია გულისხმობს ისეთი თანამედროვე სივრცის შექმნას, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს შეუქმნის განვითარების, საკუთარი იდეების დამუშავების, მათი წარდგენისა და დანერგვის სათანადო პირობებს.
ახალგაზრდული ცენტრის შენობაში, რომლის არქიტექტურულ პროექტზე ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს, გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსებაც, ხოლო სამუზეუმო დარბაზში მოეწყობა დროებითი და მუდმივი ექსპოზიციები.
ბიბლიოთეკის შენობა აღჭურვილია თანამედროვე ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილება-კონდიცირების, ხანძარქრობის, გარე და შიდა ვიდეო მეთვალყურეობის, გახმოვანების და BMS (Building Management System) - ერთიანი მართვის სისტემებით. მშენებლობის პროცესში გამოყენებული ენერგოეფექტური მასალები და დამონტაჟებული დანადგარები შენობას სითბოს მაქსიმალურად შენარჩუნების საშუალებას აძლევს, რითაც მისი ექსპლუატაცია ნაკლებ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.
ბიბლიოთეკის სამკითხველო, სამუშაო და სალექციო სივრცეები უკვე აღჭურვილია კომპიუტერებითა და მონიტორით.
ზუგდიდის ახალგაზრდულირრ ცენტრის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.8 მილიონი ლარი შეადგინა.
ქალაქ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის პროექტი შეასრულა ქართულმა კომპანია ”თ-არქიტექტმა” (საავტორო ჯგუფი - ინასარიძე გიორგი, ნიკოლოზ მაისურაძე, დავით ცანავა, ლევან მირიანაშვილი).