12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 12 ჰექტარზე გაშენებული, ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა. განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები.
დასრულებული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდე პრაისმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მოინახულეს.
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები.
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე.
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.