ქალაქ ოზურგეთში ურბანული განახლების პროექტები გრძელდება

6 სექტემბერი 2024

 ქალაქ ოზურგეთში, ერთ-ერთი ცენტრალური, კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში,  რეკონსტრუქცია უტარდება 1500 მ სიგრძის სავალ ნაწილს, სადაც ეწყობა ახალი ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ველო ბილიკები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. იცვლება გარეგანათება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება წყალარინების სისტემას,  ქუჩის ელექტრო მომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელს.

კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკსა და მიმდებარე შენობებს, სადაც მოეწყო საფეხმავლო ბოლიკები, გარეგანათებები, რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეები.

ურბანული განახლების პროექტების განხორციელების შედეგად, შეიცვალა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ურბანული იერსახე, შეიქმნა ახალი მიზიდულობის სივრცეები, როგორც ქალაქის მოსახლეობისათვის, ისე მისი სტუმრებისათვის.