(CEB)-ის და (E5P)-ის ვიზიტი საქართველოში

4 ივნისი 2024

 სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფინანსური მხარდაჭერით, ,,თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის“ პროგრამას ახორციელებს.

პროგრამა ითვალისწინებდა, ჯამში, 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და ენერგოეფექტური კომპონენტის გაუმჯობესებას.

პროგრამის ჯამური ბიუჯეტი - 36 მილიონი ევროა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ექვსი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ჩატარებული ღონისძიებები უკვე დასრულებულია. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კიდევ 7 საჯარო სკოლაში, ხოლო კიდევ ერთი სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება უახლოეს  მომავალში. ახალ და სარეაბილიტაციო სკოლებში ჩატარებული ენერგოეფექტური ღონისძიებები ხელს შეუწყობს სკოლის საოპერაციო ხარჯების დაზოგვას და ატმოსფეროში CO გაზების ოდენობის შემცირებას. წინასწარი გათვლებით, პროგრამის ფარგლებში 14-ვე სკოლაში  ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი შემცირდება 30 % არსებულთან შედარებით.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კუპრავამ და სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ქეთი ჩხობაძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ  E5P დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულეს დასრულებული - N 114 და მიმდინარე N 43 საჯარო სკოლები.

პროგრამის ფარგლებში, დასრულდა თბილისის N114-ე საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლის შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა მრავალი ღონისძიება.

650  მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის და E5P გრანტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 10.9 მილიონი ლარი შეადგინა.

პროგრამის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს თბილისში N43 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სკოლას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკოლის ისტორიული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები და ასევე სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, შენობის ენერგოეფექტურობის გაძლიერების მიზნით მოხდება ჭერისა და გარე კედლების თბოიზოლაცია, ენერგოეფექტური მინების კარ-ფანჯრების და თანამედროვე გათბობის დამონტაჟება. 360 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის გამოყოფილი სესხით და E5P-ს გრანტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6.3 მილიონი ლარია.

ორივე სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.

პროგრამის განხორციელების შედეგად, მოსწავლეები უკვე გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ და სწავლას კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ.