ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

3 ივნისი 2024

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაასრულა.

ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ახალი სტადიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან დავით ტაბიძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად გახსნა.

ახალ, ხელოვნურ საფარიან საფეხბურთო სტადიონზე აშენდა 2000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა და დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების  სისტემები. სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აცილებელ ყველა სივრცეს: გასახდელებს, საშხაპეებს, სწრაფი კვებისა და ტელერეპორტაჟების სივრცეებს და სხვა სამეურნეო და ტექნიკურ სათავსოებს. სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტი განხორციელდა ენერგოეფექტური კომპონენტის გათვალისწინებით, რაც ითვალისწინებდა გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგ გადაწყვეტებს, გადახურვისა და კედლების თბოიზოლაციას.

ახალი საფეხბურთო სტადიონი ხელს შეუწყობს ქალაქ მარნეულისა და რეგიონის ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და უმასპინძლებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ტურნირებს.