ბათუმში „გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბათუმში „გმირთა ხეივნის“ სრულ რეაბილიტაციასა და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ინტენსიურად აგრძელებს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის ,,გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, სარწყავი სისტემა. უკვე დასრულდა ხეივნის კეთილმოწყობის სამუშაოები, რისთვისაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა სანათები, საყვავილეები, სკამები, ინსტალაციები, შადრევნები, ველო სადგომები და განთავსდა ურნები, შეიცვალა და განახლდა დენდროლოგია.
ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ხიდების მოპირკეთების სამუშაოები. ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გათვალისწინებული სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
პროექტის განვითარება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და ტურისტული სეზონისათვის ქალაქს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება.